ka | en
TSU

ფლავონოიდური ფრაქციის მოქმედების შესწავლა ვირთაგვას თავის ტვინსა და ღვიძლში ზოგიერთი ანტიოქსიდანტური ფერმენტის გენების ექსპრესიაზე

ავტორი: ნინო გერსამია
საკვანძო სიტყვები: გენის ექსპრესია, სუპეროქსიდ დისმუტაზა, კატალაზა, ფლავავანოიდები, ანტიოქსიდანტური აქტივობა
ანოტაცია:

აერობულ ორგანიზმებში მიმდინარე მეტაბოლური პროცესებისა თუ გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების ფონზე, მუდმივად მიმდინარეობს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის პროცესი, მათი ჭარბი რაოდენობა კი საფრთხეს უქმნის ისეთ ბიომაკრომოლეკულებს, როგორებიცაა: ცილები, ნუკლეინის მჟავები და ლიპიდები, შესაბამისად მრავალი პათოლოგიური პროცესის ინიცირებას განაპირობებს. მათგან თავდასაცავად კი ორგანიზმში ფუნქციონირებს ანტიოქსიდანტური სისტემა, რომელიც ორ ძირითად რგოლს აერთიანებს: ფერენტულსა და არაფერმენტულს, რომელთა ცალ-ცალკე ფუნქციონირების შესახებ არსებობს უამრავი სტატია და კვლევა, თუმცა მწირი ინფორმაცია მოიპოვება იმის თაობაზე თუ როგორ ურთიერთდამოკიდებულებას ავლენენ ფერმენტული და არფერმენტული ანტიოქსიდანტური ნაერთები ნორმასა და პათოლოგიაში, თრგუნავენ თუ პირიქით, აძლიერებენ ერთმანეთის ფუნქციურ აქტივობას და საბოლოო ჯამში ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ ეფექტს. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა არაფერმენტული ანტიოქსიდანტების, როგორიცაა პოლიფენოლები, მათ შორის ქართული ყურძნის ჯიშის საფერავისაგან დაყენებული ღვინიდან გამოყოფილი ფლავონოიდების, გავლენის შესწავლა ანტიოქსიდანტური ფერმენტების სუპეროქსიდდისმუტაზასა და კატალაზას მაკოდირებელ გენთა ექსპრესიის ხარისხზე, რადგან მნიშვნელოვანია ისეთი ბიოაქტიური ნაერთების გამოვლენა, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნულ გენთა ექსპრესიის მარეგულირებელი უნარი, რაც გამოყენებული იქნება თავისუფალი რადიკალების მიერ ინიცირებული მრავალი პათოლოგიური პროცესის პროფილაქტიკისა და პრევენციისათვის, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული სისტემების დაავადებები, სხვადასხვა გენეზისის სიმსივნეები თუ დაბერება. ექსპერიმენტის საწყის ეტაპზე განვსაზღვრეთ საფერავის ჯიშის ყურძნისაგან ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინიდან, ჩვენს მიერ ექსტრაგირებული ფლავანოიდური ფრაქციის ზოგადი ანტიოქსიდანტური თვისებები: ფენოლებისა და ფლავანოიდების ჯამური შემცველობა და მათი ანტიოქსიდანტური აქტივობა. შემდგომ ეტაპზე კი in vivo შევისწავლეთ ვირთაგვებში, ნორმის ფარგლებში, ქვერცეტინისა და ღვინიდან მიღებული ფლავანოიდური ფრაქციის მოქმედება სუპეროქსიდ დისმუტაზასა და კატალაზას მაკოდირებელ გენთა ექსპრესიაზე. ზემოაღნიშნული გენების ექსპრესიის შესასწავლად გამოყენებულ იქნა მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე მეთოდი, კერძოდ უკუტრანსკრიპტაზული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში. მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ ინტაქტურ ცხოველებში სუპეროქსიდ დისმუტაზას მაკოდირებელი - SOD1 და SOD3 გენების ექსპრესიის ხარისხი მაღალია ღვიძლში თავის ტვინთან შედარებით, ხოლო SOD2-ის ექსპრესიის ხარისხის მაჩვენებელი ორივე ქსოვილში მსგავსია. ქვერცეტინისა და ფლავანოიდის სპირტ-ხსნარების 5 დღიანმა ინექციამ საბოლოო კონცენტრაციით 20მგ/კგ, SOD1 და SOD2 გენების ექსპრესიის ხარისხის სტატისტიკურად სარწმუნო ცვლილება ღვიძლსა და თავის ტვინში არ გამოიწვია, რასაც ვერ ვიტყვით SOD3 გენის შემთხვევაში, ღვიძლში საკვლევ ჯგუფებში აღნიშნული გენის ექსპრესიის ხარისხი შემცირდა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ხოლო ტვინში სამივე ჯგუფში გენის ექსპრესია თანაბარი ინტენსივობით მიმდინარეობს. შედეგებმა გვიჩვენა, რომ SOD2-ის მაკოდირებელი გენის ექსპრესია ქვერცეტინისა და ფლავანოიდური ფრაქციის მოქმედებისას თავის ტვინში უფრო მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს ღვიძლთან შედარებით, ინტაქტურ ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი თანაბარია. აღსანიშნავია, რომ კატალაზას მაკოდირებელი გენის ექსპრესიის საგრძნობლად მაღალი დონე შეინიშნება ღვიძლში თავის ტვინთან შედარებით, როგორც ინტაქურ აგრეთვე საკვლევ ჯგუფებში, ხოლო ქვერცეტინის მოქმედება ამცირებს ღვიძლში კატალაზას გენის ექსპრესიას.


მიმაგრებული ფაილები:

აბსტრაქტი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com