ავტორიზაცია

ხელოვნური თესლის ტექნოლოგიის შემუშავება წაბლის (Castanea sativa Mill.) ექსპლანტების ალგინატში ინკაფსულირების გზით
ავტორი: ნატო ლორთქიფანიძეანოტაცია:
ტყის ეკოსისტემებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ საქართველოში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის. ანთროპოგენური, ბიოტური თუ აბიოტური ფაქტორები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც ფაუნას ასევე ფლორას. ამ ფაქტს საბოლოოდ მივყავართ რელიქტურ მცენარეთა სახეობების შემცირებამდე ან გადაშენებამდე. სწორედ ამიტომ მეცნიერები დღემდე ეძებენ საუკეთესო გზებს მცენარეთა დაცვისა და კონსერვაციისათვის. თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდები იძლევა მოწყვლადი, იშვიათი, დეკორატიული, სამკურნალო და ტყის სახეობების გრძელვადიანი კონსერვაციის საშუალებას, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება დაავადებებისაგან თავისუფალი მცენარეული მასალის, ელიტური სახეობების შენახვა და გენეტიკური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. ხელოვნური თესლის ტექნოლოგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მცენარეულ ქსოვილთა კულტურებში, რომელიც განიხილება როგორც ბოტანიკური თესლის ალტერნატიული სახე და გააჩნია სხვადასხვა ტიპის მცენარეების ფართომასშტაბიანი გამრავლების დიდი პოტენციალი. ხელოვნური თესლის ტექნოლოგია იძლევა მოწყვლადი სახეობების საშუალო და გრძელვადიანი კონსერვაციის საშუალებას, რომელიც თესლის წარმოქმნის დაბალი უნარიანობისა და გაღივების გამო იმყოფება გადაშენების საფრთხის ქვეშ. ხელოვნურ თესლს შეუძლია ბუნებრივი თესლის ფორმირების და აღმოცენების იმიტირება. ისინი მიიღება მცენარის სხვადასხვა ნაწილების ინკაფსულირების გზით ხელოვნურ მატრიქსში, რომელსაც შეუძლია in vitro და ex vitro პირობებში ნორმალურ მცენარედ გარდაქმნა. კაფსულირებული მცენარეული პროპაგულები შესაძლებელია გამოყენებული იქნას დაბალ ტემპერატურაზე შენახვის ან კრიოპრეზერვაციის მიზნით, რაც წარმოადგენს მოსახერხებელ საშუალებას გახანგრძლივებული პერიოდით შენახვისათვის. ლიტერატურაში მრავალი მცდელობაა აღწერილი ხელოვნური თესლის მისაღებად მემცენარეობის სხვადასხვა დარგებში, თუმცა ამ მიმართულებით მონაცემები ტყის მერქნიანების შესახებ ძალიან მცირეა. ხელოვნური თესლის მისაღებად აუცილებელია მიკროგამრავლების სისტემის ოპტიმიზაცია და ხელოვნური თესლის შედგენილობის, კერძოდ, სინთეზური ენდოსპერმის, ექსპლანტის ტიპის და ზომის, საკვები არის შედგენილობის და ზრდის რეგულატორების ოპტიმალური შემცველობის განსაზღვრა. მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილია ხელოვნური თესლის ტექნოლოგიის შემუშავება ევროპული წაბლის ექსპლანტების ალგინატში ინკაფსულირების გზით. ევროპული წაბლი (Castanea sativa Mill.) წარმოადგენს საქართველოს ტყეების ფიტოცენოზების დომინანტურ სახეობას და იმყოფება გადაშენების საფრთხის წინაშე დაბალი თვითგანახლების და დაავადებების გამო. წაბლი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაშიდა IUCN კატეგორიების მიხედვით მიეკუთვნება მოწყვლადი (VU) სტატუსის მქონე სახეობებს. დღესდღეობით წაბლნარების ხმობა მსოფლიო პრობლემას წარმოადგენს. ამის ძირითადი მიზეზია წაბლის კიბოს გამომწვევი სოკო Cryphomectria (Endothia) parasitica. ეს პრობლემა მრავალი ათეული წელია გრძელდება და ამიტომ ინტენსიურად მიმდინარეობს ამ სახეობის სწრაფი გამრავლების საშუალებების და კონსერვაციის ალტერნატიული გზების ძიება წაბლნარი ტყეების შენარჩუნებისა და აღდგენის მიზნით. მოცემულ ნაშრომში შემუშავებულია ქსოვილთა კულტურების გზით მიღებული მცენარეული მასალის მარტივი და იაფი ერთეულის წარმოების მეთოდი, და განხორციელებულია მისი შენახვისა და სწრაფი გამრავლების მეთოდების ოპტიმიზაცია. ჩატარებული კვლევების შედეგად ნანახია, რომ წაბლის ხელოვნური თესლში ექსპლანტად ზიგოტური ემბრიონების გამოყენება იძლევა საუკეთესო შედეგს და უპირატესია ღეროს აპიკალურ და ლატერალურ კვირტებთან შედარებით მცენარის განვითარების ვადების და მორფოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით. ასევე დადგენილი იქნა, რომ ხელოვნური თესლის მატრიქსში აქტივირებული ნახშირის გამოყენება აუმჯობესებს მცენარის ზრდა-განვითარების მორფო-ფიზიოლოგიურ პარამეტრებს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული კვლევა დასაბამს დაუდებს იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ახალ სტრატეგიას ხელოვნური თესლის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს გენეტიკური რეზერვების დაჩქარებულ და ეფექტურ კონსერვაციას საქართველოს მცენარეული საფარის მრავალფეროვნებისა და ტყის ეკოსისტემების შენარჩუნებისათვის.
მიმაგრებული ფაილები:
ანოტაცია [ka]