ka | en
TSU

მყარი ნარჩენების მართვით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში

ავტორი: ლაურა კაველიძე
საკვანძო სიტყვები: მყარი ნარჩენები, ნარჩენების მართვა, ეკოლოგიური პრობლემები.
ანოტაცია:

მოცემულ ნაშრომში კვლევის საგანს წარმოადგენს ქიმიური ანალიზი, შეფასება ნიადაგსა და წყლებზე მყარი ნარჩენების გავლენით. ამ ეტაპზე შევეხებით მყარი ნარჩენების მართვით გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებს. რა შეიძლება გამოიწვიოს ნარჩენების არასწორმა განთავსებამ გარემოში. ჩვენი კვლევა უკავშირდება აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ სტიქიურ და ლეგალურ ნაგავსაყრელებს. სადაც აუცილებლად შევამჩნევთ, რომ სეპარაციის გარეშე განურჩევლად იყრება ნარჩენები, არ მიმდინარეობს სწორი განთავსება, კონტროლი და ხშირ შემთხვევაში ქარის საშუალებით ხდება მათი გაფანტვა, გარკვეული დროის შემდეგ ხდება ორგანული ნარჩენების ლპობა, სხვადასხვა მავნე ნივთიერებების წარმოქმნა, მათი შემდგომი მიგრაცია გარემოში, სუნის გავრცელება და სხვა. ეს ყველაფერი კი კრიტიკულად აისახება გარემოზე. საქართველოში არსებული ნაგავსაყრელები მცირე გამონაკლისის გარდა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თითქმის ყველა დასახლებაშია ერთი ან მეტი სტიქიური ნაგავსაყრელი. ამის გამო, სავარაუდოდ ნიადაგი უმეტესად დაბინძურებულია. ასევე შესაძლებელია უარყოფითი ზემოქმედება შეიმჩნეოდეს ზედაპირულ და გრუნტის წყლებზეც. მიუხედავად იმისა, რომ კანონით გათვალიწინებულია ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენის შემცირება ნაგავსაყრელზე, რეალობაში ის არაა შემცირებული. იზოლაციის არარსებობის გამო, საშიში ნივთიერებები ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებში ხვდება, აბინძურებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს და შედეგად – პროდუქტებს. პოლიგონების 80 პროცენტი მდინარეებთან და ხევებთან ახლოს მდებარეობს. ქიმიური ნივთიერებები მდინარეთა ეკოსისტემებს საფრთხეს უქმნის, წყლის ნაკადს კი ისინი ნაგავსაყრელებიდან დაშორებულ ტერიტორიებზეც გადააქვს. ამის მაგალითია სოფ. არაშენდას და სოფ. კასუმლოს მიმდებარედ არსებული სტიქიური პოლიგონი, რომელიც სარწყავ არხთან და სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან მხოლოდ რამდენიმე მეტრითაა დაშორებული. პოლიგონებზე წვისა და ნარჩენის ხრწნის შედეგად იფრქვევა დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი და მეთანი – ჰაერის მთავარი დამბინძურებლები. განვითარებულ ქვეყანაში ფინანასური შესაძლებლობები და განათლების მაღალი დონე განაპირობებს წარმატებულ მიღწევებს, რაც თავისთავად ამცირებს ნარჩენების ზეგავლენის რისკს გარემოზე. რასაც ვერ ვიტყვით განვითარებად ქვეყნებზე, სადაც გარემოს დაბინძურება არ არის სათანადოდ განხილული და შეფასებული. არც შესაბამისი რესურსებია მყარი ნარჩენების ეფექტური მენეჯმენტისთვის. 90 %-ის განთავსება ხდება არარეგულირებად ნაგავსაყრელებზე და მიმდინარეობს ღიად დაწვა. მეცნიერული კვლევების შედეგად ძირითადად შეფასდა ნიადაგის ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა pH, EC, MC, OM, Ca2 +, Mg2 +, Na + და K + და გამოიკვეთა, რომ უმეტეს შემთხვევაში მყარი ნარჩენების ზეგავლენით შეიცვალა ნიადაგის მახასიათებლები და არ იყო მისაღებ ზღვრებში. მათი განლაგების ადგილები შეიცავს ისეთ ელემენტებს როგორიცაა: კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, აზოტი. შეიმჩნევა ლითონების კვალი: რკინა, სპილენძი, ნიკელი, ტყვია. ორგანული ნაერთები, როგორიცაა ფენოლები, პოლიარომატული ნახშირწყალბადები და ა. შ. [17] ეს ყოველივე დამოკიდებულია ნარჩენების შემადგენლობაზე, რომლის შეწოვა და გაჟონვა ხდება ნიადაგის ტიპის და თვისებების მიხედვით. ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში მნიშვნელოვანია მათი შემადგენლობა, რომლის ქიმიური დაშლა განაპირობებს ნიადაგის და წყლების დაბინძურებას. საფრთხე ექმნება გარემოს ეკოლოგიურ მდგრადობას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com