ka | en
TSU

ელექტრული ტექნოლოგიების მოქმედების შესწავლა ქერის თესლების აღმოცენების უნარზე

ავტორი: ნათია მახარაშვილი
ანოტაცია:

1. ანოტაცია ქერი ერთ-ერთი უძველესი საკვები და დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული მარცვლეული კულტურაა. სხვა მარცვლეულთან შედარებით ქერი არ საჭიროებს განსაკუთრებული გარემო პირობების შექმნას, არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და განსაკუთრებულ აგრონომიულ მენეჯმენტს, არის ეკონომიურად ეფექტური, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოყვანა დიდ ეკონომიკურ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ამჟამად ქერი იზრდება 48 მილიონ ჰექტარზე ზომიერ, კონტინენტურ და სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში. იგი გამოიყენება ცხოველთა საკვებად, ლუდისა და სპირტის წარმოებისთვის და უშუალოდ ადამიანის კვების რაციონში. ქერის აღმოცენების პროცესი, თავისი მნიშვნელობის გამო ინტენსიურად შეისწავლება სოფლის მეურნეობისა და ლუდის წარმოების ინდუსტრიაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამინის საკვებ პროდუქტებში ფართოდ არის წარმოდგენილი ქერი, რომელმაც ბოლო წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა თავისი ბიოაქტიურ ნაერთებისა და ფუნქციონალური თვისებების გამო. მსოფლიოს მასშტაბით, ქერის გამოყენების უდიდესი წილი მოდის ალაოს მომზადებაზე, უფრო ზუსტად კი ლუდის წარმოების ინდუსტრიაზე, სადაც ქერი არის პირველადი ნედლლეული. მისი ქიმიური შემადგენლობა, ტექნოლოგიური მახასიათებლები ლუდის ხარისხისა და ლუდის წარმოების ეკონომიკური ეფექტურობის უპირველეს განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. ალაოს მომზადებისას მარცვლები გადის არასრულ, ბუნებრივი აღმოცენების ეტაპს, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ბიოქიმიურ და ბიოფიზიკურ პროცესებს, შესაბამისად სწრაფი ჰიდრატაცია და აღმოცენება არის ქერის აუცილებელი თვისება კარგი ხარისხის ალაოს მისაღებად. ამ კვლევის მიზანი იყო: ელექტრული ველების მოქმედების ეფექტის შესწავლა ქერის მარცვლების აღმოცენების პროცესზე. კვლევის მიმდინარეობისას, ქერის მარცვლების აღმოცენების პროცესზე დაკვირვებისათვის გამოვიყენეთ სამი განსხვავებული მეთოდი კერძოდ: • აღმოცენების 48 საათის განმავლობაში სითბოს წარმოქმნის სიხშირის შეფასება ანალიზური ტექნიკის გამოყენებით, რომელიც დაფუძნებულია კალორიმეტრულ გაზომვებზე, • გრავიმეტრული მეთოდით მარცვლების მიერ წყლის შეწოვის დინამიკის შესწავლა აღმოცენების 48 საათის განმავლობაში. • მეთოდის შემუშავება ინფრაწითელი თერმული კამერის გამოყენებით, ცალკეული თესლების აღმოცენების შესწავლის მიზნით. უახლეს ტექნოლოგიებს, როგორიც არის პულსირებადი ელექტრული ველი და ზომიერი ელექტრული ველი, შესაძლოა ჰქონდეს გამოყენება ქერის წარმოების ინდუსტრიაში. ვინაიდან ელექტრული ველის ზემოქმედებით გამოწვეული უჯრედის მემბრანის ფერმაბილიზაცია, წარმოადგენს ერთგვარ სტრეს ფაქტორს უჯრედული მეტაბოლიზმისათვის და გამოცდილ იქნა როგორც მეთოდი, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ქერის მარცვლების გაღივების სიჩქარეზე. ელექტრული ველების ზემოქმედების საბოლოო შედეგები შეფასებულ იქნა ფესვის სიგრძისა და გაზომილი თერმული ენერგიის საფუძველზე. ამ კვლევაში ნაჩვენები იქნა, რომ აღმოცენების სხვადასხვა ეტაპზე ქერის მარცვლებზე ელექტრული ტექნოლოგიებით ზემოქმედებისას მარცვლების ფესვის სიგრძე მცირდება, ხოლო თერმული ენერგია იცვლება ველის სხვადასხვა სიმძლავრითა და აღმოცენების სხვადასხვა ეტაპზე ზემოქმედების პირობებში.


მიმაგრებული ფაილები:

ელექტრული ტექნოლოგიების მოქმედების შესწავლა ქერის თესლების აღმოცენების უნარზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com