ავტორიზაცია

CD180 და IgD გაშუალებული სასიგნალო გზების სინერგისტული მოქმედება p38MAPK აქტივაციაზე და ქლლ უჯრედების აპოპტოზის ინდუქციაზე
ავტორი: ანანო ღამბაშიძეთანაავტორები: ანანო ღამბაშიძე
ანოტაცია:
ანოტაცია ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (ქლლ) ხასიათდება CD20+CD5+CD23+ ფენოტიპის მქონე უჯრედების კლონური ექსპანსიით და აკუმულირებით პერიფერიულ ლიმფურ ორგანოებს, ქსოვილებსა და ძვლის ტვინში. ქლლ წარმოადგენს დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ლეიკემიების ყველაზე გავრცელებულ ნაირსახეობას. ქლლ უჯრედების in vivo ექსპანსიას ბიძგს აძლევს ენდოგენური ან ეგზოგენური (აუტო)ანტიგენ(ებ)ი, რომლებსაც გამოიცნობს B-უჯრედული რეცეპტორი (ბურ) და მიკროგარემოს ფაქტორების გამომცნობი რეცეპტორების დიდი ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება თოლლ-მსგავსი რეცეპტორები (თმრ). დაავადების მკურნალობის შესარჩევად მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ზემოთ აღნიშნული ანტიგენის იდენტიფიცირება, ასევე ქლლ უჯრედებში არსებული პრო-გადარჩენის სასიგნალო გზების შესწავლა. ჩვენმა ჯგუფმა დაადგინა, რომ CD180/RP105 თმრ ჰეტეროგენულად არის ექპრესირებული დაახლოვებით 60% ქლლ უჯრედებზე. ჩვენ ასევე დავადგინეთ, რომ CD180 რეცეპტორის შებოჭვას შეიძლება მოჰყვეს სიგნალის გადაცემის დიქოტომია: მან შეიძლება გამოიწვიოს, როგორც პრო-გადარჩენის/ანტი-აპოპტოზური BTK/PI3K/AKT სასიგნალო გზის ჩართვა, ასევე ალტერნატიული პრო-აპოპტოზური p38MAPK-გაშუალებული სასიგნალო გზა. მოცემული კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ CD180 და IgD გაშუალებული სასიგნალო გზების მოქმედება p38MAPK აქტივაციაზე და ქლლ უჯრედების აპოპტოზის ინდუქციაზე. რადგანაც, ნაკლებად ცნობილია sIgD BCR და CD180 გაშუალებულ სასიგნალო გზებს შორის ურთიერთქმედება ქლლ-ს დროს. ჩვენი მონაცემები მიუთითებს, რომ CD180 და sIgD – ის თანმიმდევრული ლიგირება იწვევს p38MAPK– ის სინერგეტიკულ ფოსფორილირებას და p38MAPK– მორეაგირე ქლლ უჯრედების მნიშვნელოვანი კატეგორიის აპოპტოზს, რაც შეიძლება არსებითი იყოს პაციენტების ამ ჯგუფისთვის მორგებული თერაპიის მიდგომების განვითარებისათვის.