ka | en
TSU

რკინის ნანონაწილაკებთან დაკავშირებული ქვერცეტინის გავლენა ეპილეფსიით გამოწვეულ ქცევით და ელექტროფიზიოლოგიურ დარღვევებზე

ავტორი: გია ქუთელია
საკვანძო სიტყვები: ქვერცეტინი, ნანონაწილაკები, მაგნიტური ველი, ეპილეფსია, მეხსიერება
ანოტაცია:

ეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება განმეორებითი კრუნჩხვებით და სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური დარღვევებით. ამჟამად, ეპილეფსიის შემთხვევების 30%-ზე მეტი რეზისტენტულია მკურნალობის მიმართ. ითვლება, რომ დაავადების ძირითადი მიზეზია ნეირონებში აგზნებისა და შეკავების პროცესებს შორის დისბალანსი. ანტიეპილეფსიური საშუალებების ახალი თანამედროვე საშუალებების ძიებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ფლავონოიდები - მცენარეული ანტიოქსიდანტები. ჩვენს კვლევაში ყურადღება გამახვილდა ქვერცეტინზე, რომელიც არის პოლიფენოლების ფლავონოიდური ოჯახის წევრი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მახასიათებლებით, მაგრამ დაბალი ბიოშეღწევადობით. ჩვენ შევისწავლეთ ქვერცეტინის გავლენა კაინის მჟავას (კმ-ეს) ეპილეფსიური სტატუსით გამოწვეულ ქცევით დარღვევებზე და ჰიპოკამპის ელექტროფიზიოლოგიურ მახასიათებლებზე ლაბორატორიულ ვირთაგვებში. ქვერცეტინის დაბალი ბიოშეღწევადობის დასაძლევად განხორციელდა ქვერცეტინის დაკავშირება მაგნიტურ ნანონაწილაკებთან (მნნ) და ლაბორატორიული ვირთაგვებში კუდის ვენაში ქ-მნნ-ის ინექციის შემდეგ, ცხოველები თავსდებოდნენ ცალმხრივი გარე სტატიკური მაგნიტური ველის ქვეშ (გსმვ), რომელიც მიმართული იყო ტემპორალური წილის პროექციაზე. ქცევითი ექსპერიმენტების ტესტმა აჩვენა, რომ მხოლოდ გსმვ/მნნ არ ცვლის ცხოველების ქცევას. კვარცეტინი/ქ-მნნ აადვილებს საკონტროლო ვირთაგვებში დასწავლას. მხოლოდ ქ-მნნ გსმვ-ის ექსპოზიციის პირობებში იწვევს კმ-ეს-ით გამოწვეული მეხსიერების დარღვევის სტატისტიკურად სარწმუნო გაუმჯობესებას. მარტო ქვერცეტინი ან ქ-მნნ გსმვ-ის ექსპოზიციის გარეშე, არაეფექტური იყო ეპილეფსიით გამოწვეული მეხსიერების დარღვევის წინააღმდეგ. ელექტროფიზიოლოგიური ექსპერიმენტების მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ კმ-ეს ცვლის ქვერცეტინის ეფექტებს, რაც შეიძლება აიხსნას ეპილეფსიური სტატუსის გამო ჰემატოენცეფალური ბარიერის დარღვევით. ქ-მნნ-ის ინექცია ჰიპოკამპის პროექციაზე მაგნიტური ველის ექსპეზიციის პირობებში მნიშვნელოვნად ცვლის ჰიპოკამპში ნეირონული განმუხტვების ამპლიტუდას და სიხშირეს. ქ-მნნ-ის მოქმედება ჰიპოკამპის CA1 ველში შემაკავებელია, რითაც შეიძლება აიხსნას მისი დადებითი ეფექტები ეპილეფსიური სტატუსით გამოწვეული ქცევითი დარღვევების წინააღმდეგ. (ნაშრომი შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, გრანტი FR17_629 ფარგლებში).


მიმაგრებული ფაილები:

რკინის ნანონაწილაკებთან დაკავშირებული ქვერცეტინის გავლენა ეპილეფსიით გამოწვეულ ქცევით და ელექტროფიზიოლოგიურ დარღვევებზე [ka]
Influence of Quercetin-loaded iron nanoparticles on epilepsy-induced behavioral and electrophysiological disturbances [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com