ავტორიზაცია

წაბლის (Castanea sativa Mill.) ზიგოტური ემბრიონების კრიოპრეზერვაცია ინკაფსულირება-ვიტრიფიკაციის მეთოდით
ავტორი: ენდი მახარაშვილიანოტაცია:
კონსერვაცია თამაშობს ფუნდამენტურ როლს ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარეული სახეობების შენარჩუნებაში. ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) საქართველოს ტყეების ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი სახეობაა. იგი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში და IUCN კატეგორიის მიხედვით წარმოდგენილია მოწყვლადი (VU) სტატუსით. საქართველოში უკვე მრავალი წელია მწვავედ დგას წაბლნარების ხმობის პრობლმება, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს წაბლის კიბოს გამომწვევი სოკო Cryphomectria (Endothia) parasitica. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც წაბლი ეკონომიური და ეკოლოგიური მნიშვნელობის სახეობას წარმოადგენს, ინტენსიურად მიმდინარეობს მისი გამრავლების და კონსერვაციის გზების ძიება წაბლნარი ტყეების შენარჩუნებისა და აღდგენის მიზნით. კრიოპრეზერვაცია, ანუ ულტრადაბალ (-196°C) ტემპერატურაზე თხევად აზოტში გაყინვით პრეზერვაცია წარმოადგენს ერთადერთ ტექნიკას, რომელიც გარანტირებულად იძლევა თესლით ძნელად გამრავლებადი მერქნიანი მცენარეების უსაფრთხო და ხანგრძლივი კონსერვაციის შესაძლებლობას. ეს მეთოდი ფართოდ იქნა გამოყენებული წაბლის სხვადასხვა სახეობებისა და ჰიბრიდული კლონების ბიოლოგიური მასალის შესანარჩუნებლად, როგორიცაა კენწრული ყლორტები, ზიგოტური ემბრიონები და ემბრიოგენული კულტურები. ახალი ტექნიკა, სახელწოდებით ინკაფსულირება-ვიტრიფიკაცია აერთიანებს ვიტრიფიკაციისა და ინკაფსულაცია-დეჰიდრატაციის უპირატესობებს და მნიშვნელოვნად ამცირებს დეჰიდრატაცით გაყინვის დროს. ამ დროისათვის ინკაფსულირება-ვიტრიფიკაციის ტექნიკა წარმატებით იქნა გამოყენებული ზოგიერთი ხეხილის სახეობების კენწრული ყლორტების მიმართ. წინამდებარე კვლევაში პირველად არის აღწერილი ჩვეულებრივი წაბლის (Castanea sativa L.) ემბრიონული ღერძების (EAs) კრიოპრეზერვაციის მარტივი და ეფექტური გზა ინკაპსულირება-ვიტრიფიკაციის მეთოდით. ამასთანავე, კვლევაში შემოწმებული იქნა აქტივირებული ნახშირის, როგორც სინთეზური თესლის ხელოვნური მატრიქსის კომპონენტის გამოყენება კრიო-პროცედურის ოპტიმიზაციის მიზნით. შემუშავებული მეთოდოლოგია წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული Castanea გვარის სხვადასხვა სახეობების გენეტიკური რესურსების ეფექტური კრიოპრეზერაციისთვის.
მიმაგრებული ფაილები:
ანოტაცია [ka]