ავტორიზაცია

კლინიკური გრამ-უარყოფითი ბაქტერიული შტამების ანტიბიოტიკ ქოლისტინისადმი რეზისტენტობის და ფაგომგრძნობელობის შესწავლა
ავტორი: მეგი ხანიშვილიანოტაცია:
მიკროორგანიზმების მიერ განვითარებული მზარდი ანტიბიოტიკორეზისტენტობის გამო ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა თანამედროვე მედიცინის სერიოზულ პრობლემად იქცა მთელ მსოფლიოში. კლინიცისტები იძულებული ხდებიან გამოიყენონ ნაკლებად ეფექტური სარეზერვო წამლები, ან პრეპარატები მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენებით. ასეთი პრეპარატების რიგს მიეკუთვნება ანტიბიოტიკი ქოლისტინი, რომელიც ძლიერი გვერდითი ეფექტების (ნეფროტოქსიურობა და ნეიროტოქსიურობა) მიუხედავად გამოიყენება მრავლობით-რეზისტენტული გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. თუმცა, უკანასკნელი რამოდენიმე წელია მსოფლიოში გამოიკვეთა ქოლისტინისადმი რეზისტენტობის ზრდა, როგორც E. coli შტამებში, ისე კარბაპენემაზა ფერმენტების მასინთეზირებელ ბაქტერიებს შორის. შესაბამისად, კიდევ უფრო მცირდება ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტურობა. ანტიბიოტიკების მოქმედების არეალის შემცირებასთან ერთად, იზრდება ინტერესი ბაქტერიული ინფექციების მკურნალობის ალტერნატიული გზების მიმართ. დღეისათვის ვირულენტური ბაქტერიოფაგების ანტიმიკრობული თვისებების პრაქტიკული გამოყენება განიხილება, როგორც ანტიბიოტიკოთერაპიის ალტერნატივა. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა კლინიკურ გრამ-უარყოფით ბაქტერიებს შორის ანტიბიოტიკ ქოლისტინისადმი რეზისტენტული შტამების გამოვლენა; მათში პლაზმიდების შემცველობის და ქოლისტინ-რეზისტენტობის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორის - MCR გენის დეტექცია; ქოლისტინ-რეზისტენტული შტამების მგრძნობელობის განსაზღვრა ანტიბიოტიკების ფართო სპექტრის მიმართ; ასევე, ქოლისტინ-რეზისტენტული კლინიკური შტამების მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების შერჩევა. მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (MIC) განსაზღვრის მეთოდით შესწავლილია სხვადასხვა კლინიკური მასალიდან 2018-2020 წლებში გამოყოფილი 292 ბაქტერიული შტამის (მათ შორის ჰემოლიზური E.coli შტამების) რეზისტენტობა ქოლისტინის მიმართ. შედეგად, ქოლისტინ-რეზისტენტობა გამოვლენილია 6 შტამის შემთხვევაში. მათგან 5 E.coli, 1 K.pneumoniae. შესწავლილი და ნაჩვენებია 3 მათგანში პლაზმიდების შემცველობა. პჯრ მეთოდის გამოყენებით MCR-გენის სპეციფიური ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა დადასტურებულია 5 ქოლისტინ-რეზისტენტულ ბაქტერიაში. ორმაგი დისკების-დიფუზიის მეთოდით შესწავლილია ქოლისტინ-რეზისტენტული შტამების მგრძნობელობის ხარისხი ანტიბიოტიკების ფართო წრის მიმართ, ხოლო „Spot test” მეთოდის გამოყენებით ქოლისტინ-რეზისტენტული 6 შტამიდან 5-ის მიმართ შერჩეულია ანტიმიკრობული მოქმედების რამოდენიმე ვირულენტური ბაქტერიოფაგი. კვლევის შედეგები ავსებს არსებულ მონაცემებს ქოლისტინ-რეზისტენტული შტამების გავრცელების შესახებ და წარმოაჩენს ლითიური ბაქტერიოფაგების გამოყენების შესაძლებლობას მათ მიერ გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ.
მიმაგრებული ფაილები:
ანოტაცია [ka]