ავტორიზაცია

კეტოპროფენის, იბუპროფენისა და ფლურბიპროფენის ენანტიომერების დაყოფის შესწავლა ამილოზა ტრის(3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის) დაფენით და კოვალენტური იმობილიზაციით მომზადებულ ქირალურ სვეტებზე
ავტორი: გვანცა შეყლაშვილითანაავტორები: მარიამ მაისურაძე, ანა ჩოხელი
საკვანძო სიტყვები: ქრომატოგრაფია, ქირალური სელექტორი, ენანტიომერები, თერმოდინამიკური პარამეტრები, იზოენანტიოსელექტიური ტემპერატურა, ელუირების რიგი
ანოტაცია:
წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომის მიზანი იყო არილპროპიონის მჟავას ზოგიერთი ნაწარმის ენანტიომერების დაყოფის თავისებურებების შედარება დაფენილ და იმობილიზებულ სვეტებს შორის, რომელთაც ერთნაირი ქირალური სელექტორი გააჩნია. არილპროპიონის მჟავას ნაწარმები ქირალურ სამკურნალწამლო საშუალებათა რიცხვს მიეკუთვნება, ისინი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებია, რომლებიც ტკივილის გამაყუჩებლებს წარმოადგენს. ქირალური სამკურნალწამლო საშუალებების ენანტიომერების ანალიზური და პრეპარატული დაყოფა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ ენანტიომერებს, როგორც წესი, განსხვავებული ფარმაკოლოგიური და ტოქსიკური თვისებები გააჩნია. ზემოთ ხსენებული სვეტების ქიმიური შედგენილობა ერთი და იგივეა, Chiralpak IG-ისა და ახალი იმობილიზებული სვეტის შემთხვევაში პოლისაქარიდული მასალა კოვალენტურად არის იმობილიზებული სილიკაგელზე, ხოლო დაფენილი სვეტის შემთხვევაში მოცემული მასალა ფიზიკურად არის დაფენილი სარჩულზე. მოვახდინეთ თერმოდინამიკური პარამეტრების შედარება, ანალიზები ჩატარდა სხვადასხვა ტემპერატურაზე და სხვადასხვა მოძრავი ფაზის გამოყენებით. გაანალიზებული ნივთიერებების დაყოფის ფაქტორის ნატურალური ლოგარითმის დამოკიდებულების გრაფიკის მიხედვით აბსოლუტური ტემპერატურის შებრუნებულ სიდიდეზე, გამოვთვალეთ ადსორბციის ენთალპიისა და ენტროპიის სხვაობათა მნიშვნელობები ენანტიომერებს შორის. თერმოდინამიკური პარამეტრების შესწავლა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში, საშუალებას იძლევა მოცემული ნივთიერებისთვის, მოცემულ სვეტზე წინასწარ განისაზღვროს ანალიზისთვის საჭირო პირობები და მიღწეულ იქნას სასურველი სელექტიურობა და ელუირების რიგი. უნდა შეგვედარებინა რამდენად განსხვავდებოდა დაფენილი და კოვალენტურად იმობილიზებული სვეტები ეფექტურობის თვალსაზრისით და რამდენად ინარჩუნებდა სტაბილურობას მოძრავი ფაზის კომპონენტების თანაფარდობის ცვლილებისადმი. მოძრავ ფაზად გამოვიყენეთ ნ-ჰექსანისა და პოლარული ორგანული კომპონენტის (იზოპროპანოლი, ეთანოლი) ნარევი სხვადასხვა თანაფარდობებით.
მიმაგრებული ფაილები:
კეტოპროფენის, იბუპროფენისა და ფლურბიპროფენის ენანტიომერების დაყოფის შესწავლა ამილოზა ტრის(3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის) დაფენით და კოვალენტური იმობილიზაციით მომზადებულ ქირალურ სვეტებზე [ka]