ავტორიზაცია

როგორ იქმნება ხარისხიანი ღვინო
ავტორი: თამარ ხატიაშვილისაკვანძო სიტყვები: ღვინო, ყურძენი, კლერტი, დურდო, გამოწნეხვა, ალკოჰოლური დუღილი, ლექი, კუპაჟი.
ანოტაცია:
ღვინო არის პროდუქტი, რომელიც მიღებულია ყურძნის წვენის სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად. ხარისხიანი ღვინის დასაყენებლად უნდა გამოვიყენოთ მწიფე ყურძენი. ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახლოებით 8000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს. ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი, მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი. ღვინო მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი პროდუქტია, რადგან იგი მრავალი განსხვავებული საღვინე ვაზის ჯიშისგან მზადდება ერთმანეთისგან ასევე სრულიად განსხვავებული მეთოდებით და ტექნოლოგიებით. ღვინო შეიძლება იყოს ცქრიალა, მშრალი, ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, ტკბილი, შემაგრებული და სხვა. ღვინოს აყენებენ უჭაჭოდ და უკლერტოდ, ასევე ჭაჭით, ან ჭაჭით და კლერტით ერთდროულად, ლექზე დაყოვნებით და სხვა. აყენებენ ქვევრში, მუხასა და ბეტონის ავზებში, უჟანგავ ფოლადსა თუ მინაში. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღვინოები დგება ცხელ და გრილ რეგიონებში, მშრალი ჰავით ცნობილ და ნესტიან მხარეებში. კიდევ ძალიან ბევრი განმასხვავებელი ნიშნის ჩამოთვლა შეიძლება და სწორედ ამიტომაა, რომ ყველა ღვინო განსხვავდება ერთმანეთისგან.