ka | en
TSU

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის სიმსივნური მიკროგარემო და მისი გავლენა უჯრედულ სასიგნალო გზებზე

ავტორი: ანი ბილანიშვილი
საკვანძო სიტყვები: ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, უჯრედული მიკროგარემო, ილ-4, CD180, უჯრედული სასიგნალო გზები
ანოტაცია:

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (ქლლ) ზრდასრულთა ლეიკემიების ყველაზე გავრცელებული ფორმაა დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ქლლ ხასიათდება CD5+CD20+IgMlowCD23+ ფენოტიპის მქონე უჯრედების კლონური ექსპანსიით და აკუმულირებით ძვლის ტვინში, პერიფერიულ ლიმფურ ორგანოებსა და ქსოვილებში. ქლლ-ის უჯრედების ექსპანსიას in vivo ბიძგს აძლევს ენდოგენური ან ეგზოგენური (აუტო)ანტიგენ(ებ)ი, რომლებსაც გამოიცნობს B-უჯრედული რეცეპტორი (ბურ) და მიკროგარემოს ფაქტორების გამომცნობი რეცეპტორების დიდი ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება თოლლ მსგავსი რეცეპტორებიც. ქლლ პროგრესირება და სიმძიმე მეტად დამოკიდებულია ე.წ. პროგნოზული ფაქტორების ექსპრესიაზეც. ცნობილია, რომ ბურ-ის საშუალებით ქლლ უჯრედებში გადაიცემა უმეტესად ანტი-აპოპტოზური, გადარჩენის სიგნალები. CD180/RP105 თოლლ მსგავსი რეცეპტორი კი ჰეტეროგენულად არის ექსპრესირებული დაახლოებით 60% ქლლ უჯრედებზე. CD180 რეცეპტორის ლიგაციას მონოკლონური ანტისხეულით შეიძლება მოჰყვეს სიგნალის გადაცემის დიქოტომია: მან შეიძლება გამოიწვიოს როგორც გადარჩენის/ანტი-აპოპტოზური BTK/PI3K/AKT სასიგნალო გზის, ასევე ალტერნატიული პრო-აპოპტოზური p38MAPK სასიგნალო გზის ჩართვა. უფრო მეტიც, CD180-ის სასიგნალო გზის წინასწარმა აქტივაციამ შესაძლოა გადართოს ბურ-ით გაშუალებული გადარჩენის სიგნალი ქლლ უჯრედების აპოპტოზზე. ქლლ მიკროგარემოს კომპონენტებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ხსნადი ფაქტორები, რომლებიც ქლლ უჯრედების პროლიფერაციასა და შესაბამისად, დაავადების კლინიკურ მიმდინარეობაზე ზეგავლენის უნარით ხასიათდებიან. მოცემული პროექტის ფარგლებში გამოვიკვლევთ ინტერლეიკინ–4–ს, რომელიც ქლლ–ით დაავადებულებში ჭარბად არის სინთეზირებული, თუმცა, მისი გავლენა მიკროგარემოს გამომცნობი რეცეპტორების ექსპრესიასა თუ ფუნქციაზე, ნაჩვენები არ არის. წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სადისერტაციო კვლევის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც შევისწავლით მიკროგარემოს მნიშვნელოვანი ელემენტების გავლენას ქლლ უჯრედების სასიგნალო გზებზე, რათა შემუშავდეს აღნიშნული სასიგნალო გზების სამკურნალო მოდულაციის მიდგომები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა CD180-ის საპასუხოდ აქტივირებულ უჯრედშიდა ალტერნატიულ სასიგნალო გზებს, მიმართულს ლეიკემიური უჯრედების გადარჩენისა ან აპოპტოზისკენ. რადგანაც ქლლ–ის თანამედროვე თერაპიულ საშუალებებში უჯრედშიდა პროტეინ კინაზების ინჰიბიტორები შედის, შემოთავაზებული კვლევა აგრეთვე საშუალებას მოგვცემს, დავადგინოთ ილ–4–ის საპასუხოდ CD180 ექსპრესიის თავისებურებებისა და აქტივირებული უჯრედშიდა სიგნალების სტრატიფიკაციული ანუ ინდივიდუალური მკურნალობის შერჩევის მნიშვნელობა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com