ka | en
TSU

გეოპარკის დაგეგმარება რაჭაში ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე და მისი პერსპექტივები

ავტორი: Tamara Chichinadze
საკვანძო სიტყვები: რაჭა, გეოპარკი, გეოტურიზმი, პერპექტივები
ანოტაცია:

პროექტი ეხება რაჭის რეგიონში გეოპარკის დაგეგმვას. აქ ჯერ არ არსებობს დაცული ტერიტორიების რომელიმე კატეგორია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვი, საქართველოში დაცული ტერიტორიების ექვსი კატეგორიაა, რომელთა შორის გეოპარკი არ შედის. გეოპარკი - ეს არის უნიკალური გეოლოგიური უბანი რომლის უმთავრესი პრიორიტეტებია გეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, ტურიზმის განვითარება, განათლება, სამეცნიერო კვლევები, საზოგადოების მაღალი ჩართულობა. გეოლოგიური პარკის - გეოპარკის შესაქმნელად უმთავრესი კრიტერიუმია ზუსტად შევარჩიოთ ისეთი გეოლოგიური უბანი, სადაც წარმოდგენილია საინტერესო სტრატიგრაფიული ფორმები, ვულკანური და მყინვარული რელიეფი, კანიონები, ლავური ღვარები, მღვიმეები, დახურული მაღაროები და უფუნქციო კარიერები. რაჭის რეგიონს აქვს ყველა ის გეოლოგიური და ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლები, რაც ზუსტად უპასუხებს გეოპარკის კრიტერიმებს. გეოპარკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კლიმატის ცვლილებაზე დაკვირვება. რეგიონში გეოპარკის მოწყობის შემთხვევაში, გეოპარკზე განხორციელდება სამეცნიერო დაკვირვებები, რაც საშუალებას მისცემს მეცნიერებს დინამიკაში დააკვირდნენ კლიმატს. მაგალითად: UNESCO Global Geoparks შეიცავს მეცნიერულად მნიშვნელოვან ქსელს, რომლებიც გვიჩვენებენ, თუ როგორ შეიცვალა დედამიწის კლიმატი, რომელსაც ადასტურებს ორგანული განამარხებული მასალები. ცოდნისა და ინფორმაციის გავრცელების მეშვეობით, გეოპარკები ხელს უწყობენ ცნობიერების ამაღლებას და გაზრდის ურთიერთგაგებას, თუ როგორ შეგვიძლია შევუერთდეთ და დავუპირისპირდეთ დედამიწის კლიმატის ცვლილებებს. რაჭის ერთ-ერთ ღირებულებას წარმოადგენს ჰიდრორესურსები. მთის ჩქარი და ღრმა- კლდოვანი მდინარეები იძლევა საშუალებას, მდინარეებზე ჯომარდობის განვითარებას. რაჭაში დაახლოებით 50 -მდე მაღალმინერალიზებული წყლების სახეობაა (რომელბიც არაა მიზანმიმართულად ათვისებული). სწორედ მათ ბაზაზე აშენებული კლიმატურ- ბალნეოლოგიური კურორტები, უწერა და შოვი, უფრო მეტად მოთხოვნადი გახდება. განვითარდება უკვე არსებული კურორტები და საფუძველი ჩაეყრება საკურორტო ზონების შესწავლას და ათვისებას. რეგიონში გეოტურიზმის განვითარების შემთხვევაში, გაიზრდება მოთხოვნილება ადგილობრივი მინერალური წყლების ჩამოსხმა-გავრცელებაზე. გეოპარკისთვის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია არქეოლოგიური, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები, მუზეუმები, ტრადიციული სამზარეულოს (ხვანჭკარა, რაჭული ლორი, შქმერული, და ადათწესების პოლულარიზაცია, რაც ბუნებრივია ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახელობის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის დასაქმებას. პროექტის უმთავრესი ღირებულებაა, კვლევის შედეგად ზუსტად შერჩეული უბნის გამოვლენის შემთხვევაში, გეოტურიზმის განვითარება მდგრადი გამოყენების გზით და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, დასაქმება, რაც რეგიონს დაიცავს დეპოპულაციისაგან (რეგიონი განიცდის დეპოპულაციას, ერთი მხრივ ეკოლოგიური, ხოლო მეორეს მხრივ უმთავრესად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით. მასობრივი მიგრაციები დაიწყო XIX-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზი დღემდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სიმწირეა. იმის გამო, რომ რეგიონიდან მუდმივად ხდება მიგრაციები, მხარე განიცდის დაბერებას). გეოპარკის დაგეგვის შემთხვევაში, მოსახლეობაში მუდმივად იქნება განცდა შეინარჩუნონ გეოპარკის სტატუსი რაც გაზრდის მათ მოტივაციას გააუმჯობესონ საკუთარი უნარები, გარემო, საერთაშორისო ცნობადობისა და აღიარების მიზნით. გეოპარკისთვის მნიშვნელოვან არეალად მოიაზრება რაჭის კირქვული მასივი, ხოლო უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 1700- 2200 მეტრამდეა. მასივი მოქცეულია საქართველოს კარსტული ზოლის ფარგლებში და უდიდესია თავისი გავრცელების ფართობით (დაახ. 590 კმ2 ), თუმცა სიმაღლით ჩამორჩება ზოგიერთ მათგანს. აქ გავრცელებულია ზეღვარდიისა და შაორის ტიპიური კარსტული პოლიე, ხარისთვალას, დევის, ქვედრულას და სხვა. კარსტული ტბები, ღმა და ფართო ძაბრები, კანიონისებრი ხეობები, კარები, ნიშები, „დევის ქვაბები“, კარსტული ნაკადები და სხვა. ამ ფორმათა სავარაუდო სიღრმე 1000-1200 მეტრია. რაჭის კირქვულ მასივის ტერიტორიაზე დაახლოებით 45-მდე მღვიმე და უფსკრულია რეგისტრირებული. მათ შორის 32 სპელეოობიექტია შესწავლილი. მათი სიგრძე 10 კმ-ს, სიღრმე კი 850 მ. კვლევის პროცესში მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს გეოპარკისთვის სპელეო ობიექტები, რაც გეოპარკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. გეოპარკის დაგეგმვის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ტურისტებს შევთავაზოთ დახურული მაღაროები ან კარიერები. მაგალითად, როგორიცაა ჩორდის ბარიტის საბადო, რომელიც უნიკალური თვისებებით ხასიათდება და შეიძლება ითქვას უკონკურენტოა თავისი თვისებებით მთელს კავკასიაში. 1991 წლის რაჭა-იმერეთის მიწისძვრის შემდეგ, ჩორდის ბარიტის საბადო დახურულია. გეოპარკი არა მარტო საქართველოში არამედ მთელს კავკასიაში ახალი თემაა. მისი მოსწყობის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ტურისტული არეალი, რომელიც მოიზიდავს ტურისტს უპირველესად კავკასიიდან. გეოპაკი, როგორც მნიშვნელოვანი პროექტი რეკომენდაციის სახით უნდა შევთავაზოთ სახელმწიფოში შესაბამის უწყებებს, როგორიცაა: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რადგან გეოპარკი ეს არის ეკონომიკური სარგებელი რეგიონში და სახელმწიფოში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com