ka | en
TSU

აზიური ფაროსანას (Halyomorpha halys, Hemiptera: Pentatomidae) პოპულაციის მონიტორინგისთვის განკუთვნილი განსხვავებული დიზაინის მქონე ხაფანგების ეფექტურობის შეფასება თხილის კომერციულ პლანტაციაში

ავტორი: ევგენია ალიმბარაშვილი
საკვანძო სიტყვები: აზიური ფაროსანა, მონიტორინგი, წებოვანი ხაფანგი, თავშესაფარი ხაფანგი
ანოტაცია:

ყავისფერი მარმარა კუსებურა, Halyomorpha halys, ინვაზიური ჰერბივორი მწერია 100-ზე მეტი სახეობის მასპინძელი მცენარით. მათ შორისაა ხილი, ბოსტეული და სხვა აგროკულტურები, დეკორატიული და ველური მცენარეეები. საქართველოში მან განსაკუთრებით დააზიანა თხილის პლანტაციები. რეგულარული წამლობის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტურობის შემოწმება. თავის მხრივ, ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონიტორინგის მეთოდების ეფექტურობას, რათა მივიღოთ სანდო და ვალიდური შედეგები. წინამდებარე კვლევის მიზანია, შეადაროს აზიური ფაროსანას მონიტორინგისთვის გამოყენებული სამი სხვადასხვა დიზაინის მქონე ხაფანგი. მათგან ორი ორმხრივადჰეზიური წებოვანი ხაფანგია წებოვნობის განსხვავებული ხარისხებით (Trécé STKY და Trécé STKY 228), ხოლო მესამე – ე. წ. „თავშესაფარი“, რაკეტისებური ხაფანგი (Rescue trap). სამივე სახის ხაფანგში მწერების მისაზიდად გამოიყენება ერთი სახის ფერომონიანი სატყუარები (Trécé Pherocon BMSB). კვლევა ჩატარდა 2019 წლის მაისი-სექტემბრის მონაკვეთში სამეგრელოს რეგიონში, სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ თხილის კომერციულ პლანტაციაში. შერჩეული იყო ჰომოგენური ტერიტორია ხაფანგების ხეებზე დასამაგრებლად. ხაფანგებზე არსებული მარმარა კუსებურას ზრდასრული ფორმები და ნიმფური სტადიები აღირიცხებოდა ცალ-ცალკე ორ-ორი კვირის შუალედებით. ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ მესამე ტიპის, ე. წ. Rescue ხაფანგები უფრო მეტი ეფექტურობით ხასიათდება, ხოლო წებოვან ხაფანგებს შორის უპირატოსობა მაღალი წებოვნობის მქონე ხაფანგს მიენიჭა (STKY 228).



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com